ბიბლიოთეკა
„ევროპული სკოლის” ბიბლიოთეკა ემსახურება სკოლის საზოგადოებას და ეხმარება მოსწავლეებს მრავალფეროვან რესურსებთან მუშაობასა და აკადემიური უნარების განვითარებაში. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს გავუღვივოთ კვლევა-ძიების, ახლის შეცნობისადმი ინტერესი და მეგზურობა გავუწიოთ ამ პროცესში.
ფილოსოფიითა და მიზნებით ერთიანი „ევროპული სკოლის” ბიბლიოთეკა მოიცავს ორ მიმართულებას: დაწყებითი საფეხურის ბიბლიოთეკასა და საბაზო და საშუალო საფეხურის ბიბლიოთეკას.
ჩვენი სივრცეები
დაწყებითი საფეხურის ბიბლიოთეკა წარმოდგენილია ორი სივრცით შენობა A-ში და ემსახურება I–V კლასის მოსწავლეებს, როგორც საერთაშორისო ბაკალავრიატის PYP პროგრამაში, ისე ქართულ ქართულ პროგრამაში. I–II კლასების ბიბლიოთეკა მე-4 სართულზეა, III–V კლასების ბიბლიოთეკა კი მე-6-ზე, თუმცა, დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლეს ორივე სივრცით შეუძლია სარგებლობა.
საბაზო და საშუალო საფეხურის ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს ორ შენობაში. შენობა B-ს მე-5 სართულზე ბიბლიოთეკა ემსახურება საერთაშორისო ბაკალავრიატის MYP, DP და CP პროგრამების VI–XII კლასის მოსწავლეებს. შენობა C-ს მე-5 სართულზე ბიბლიოთეკა ემსახურება ქართული პროგრამისა და ამერიკული უმაღლესი სკოლის (ASAS) VI–XII კლასის მოსწავლეებს.
ბიბლიოთეკა მოიცავს სამკითხველო, კომპიუტერულ და ჯგუფური პროექტებისთვის განკუთვნილ სივრცეებს. თითოეული ბიბლიოთეკა ადვილად ტრანსფორმირდება საპრეზენტაციო სივრცედ, რომელიც მრავალფეროვან ღონისძიებებს მასპინძლობს და ერთდროულად 50-მდე სტუმარს იტევს.
საბაზო და საშუალო საფეხურის ბიბლიოთეკაში ასევე დგას ჭადრაკის მოთამაშე რობოტი, რომელიც მოსწავლეთა ერთ-ერთი საყვარელი სიახლეა.
სკოლის ბიბლიოთეკები მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 17:00 საათამდე.
ბიბლიოთეკის ფონდი
საბაზო და საშუალო საფეხურის ბიბლიოთეკაში დაცულია დაახლოებით 10 000 ბეჭდური რესურსი, დაწყებითი საფეხურის ბიბლიოთეკაში კი თავმოყრილია დაახლოებით 4 000 წიგნი ინგლისურ, ქართულ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, სპარსულ და რუსულ ენებზე. თითოეული მკითხველი პოულობს მასალას მისთვის სასურველ ენაზე, მოსწავლეს კი შესაძლებლობა აქვს, შეინარჩუნოს მშობლიური ენა ინგლისურენოვანი სწავლების პარალელურად.
ციფრული სწავლებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობის მიზნით, „ევროპული სკოლის” ნორჩ მკვლევრებს 24/7 რეჟიმში აქვთ წვდომა მსოფლიოს წამყვან ელექტრონულ, სამეცნიერო და აკადემიურ ბიბლიოთეკებზე.
ჩვენი სერვისები
- კვლევა და აკადემიური კეთილსინდისიერება. ბიბლიოთეკარები ყველა პროგრამაში ასწავლიან კვლევის უნარებს, წყაროების შეფასებასა და ციტირებას და მხარს უჭერენ მოსწავლეებს PYP გამოფენის, MYP პროექტებისა და სადიპლომო პროგრამის ნაშრომების მომზადებისას, რათა მოზარდმა ისწავლოს წყაროებთან კეთილსინდისიერად და დამოუკიდებლად მუშაობა.
- კითხვა და წიგნიერება. დაწყებით საფეხურზე ყოველკვირეული ბიბლიოთეკის საათი და კითხვის საათი არის გათვალისწინებული სასწავლო გეგმაში, რათა თითოეულმა მოსწავლემ გამოიმუშაოს კითხვის ჩვევა.
- ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი. სემინარები ელექტრონულ ბაზებში ძიების, წყაროების შეფასებისა და ხელოვნური ინტელექტის სათანადო ციტირების შესახებ, რათა მოსწავლემ შეძლოს ონლაინ მოძიებული ინფორმაციის შეფასება.
- პრაქტიკული მხარდაჭერა. ბეჭდვა, სკანირება და ბიბლიოთეკარის მხარდაჭერა.
ღონისძიებები და სტუმრები
ბიბლიოთეკა წლის განმავლობაში მრავალფეროვან ღონისძიებებს მასპინძლობს: წიგნის ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღე, წიგნიერების კვირეული, მშობლიური ენის საერთაშორისო დღე, „აჩუქე წიგნი”, წიგნების გამოფენა-გაყიდვა, აკადემიური კეთილსინდისიერების კვირეული, ასევე, წიგნის კლუბები, კითხვის გამოწვევები და კონკურსები.
ყოველ წელს მოსწავლეებს სტუმრობენ მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, სპორტსმენები და საზოგადო მოღვაწეები. ღონისძიებების გვერდზე იხილავთ ფოტოებსა და ინფორმაციას გასული წლების ღონისძიებების შესახებ.


































